16 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
საქართველოს რაგბის კავშირი ფუნქციონირებას დამტკიცებული ბიუჯეტის გარეშე აგრძელებს

საქართველოს რაგბის კავშირი ფუნქციონირებას დამტკიცებული ბიუჯეტის გარეშე აგრძელებს. ყრილობა, რომელზეც ფინანსური დოკუმენტი უნდა მიეღოთ, დღეს ვერ გაიმართა. ჩაშლის მიზეზი ქვორუმის არასებობა იყო. შეკრებას 37 წევრიდან მხოლოდ 15 დაესწრო.

კურიერთან საუბრისას გამგეობის ზოგიერთი წევრი გამოუცხადებლობის მიზეზად დროის უქონლობას ასახელებს, თუმცა ქვიშის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის, კახა მხეიძის, განცხადებით, ის ბიუჯეტს არ ეთანხმება და მისი თქმით, დაჩქარებული წესით 1 დღეში 19 მილიონის დამტკიცება არ შეიძლება.

"ბიუჯეტს არ ვეთანხმები. 19 მილიონია ბიუჯეტი და 1 დღეში როგორ შეიძლება ამ თანხის დამტკიცება? განხილვას, დაახლოებით, ერთი კვირა სჭირდება. უნდა განიხილო რაღაცეები და მერე შეიძლება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო," - განაცხადა მხეიძემ.

ამ მოსაზრებას არ იზიარებენ რაგბის კავშირში. გოჩა სვანიძის განცხადებით, ბიუჯეტზე საუბარი არ ყოფილა, რადგანაც ის მხარეები, რომლებიც დღევანდელ შეკრებაზე არ გამოცხადდნენ, ფინანსური დოკუმენტის დეტალებით არ დაინტერესებულან. სვანიძის თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რას ითვალისწინებს ბიუჯეტი და რაგბის განვითარებისთვის რის გაკეთებას აპირებენ.

რაგბის კავშირის შემდეგი ყრილობა 22 აპრილს გაიმართება. მანამდე კი კავშირის ხელმძღვანელობა მზად არის, ყველას აზრი მოისმინოს.

 

ავტორი: დავით ერაძე

დღის ამბები