დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე 2 საპასუხო შეხვედრა გაიმართება. მადრიდის რეალის ვოლფსბურგს უმასპინძლებს, მანჩესტერ სიტი კი პსჟ-ს.
ორივე შეხვედრაში დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი, მაგრამ საფეხბურთო სამყარო მთავარ სანახაობას მაინც სანტიაგო ბერნაბეუზე ელოდება, სადაც სამეფო კლუბს გერმანელებთან 2 ბურთიანი ბარიერის დაძლევა მოუწევს. პირველ მატჩში ვოლფსბურგმა რეალი მოულოდნელად 2:0 დაამარცხა. შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბლანკოსის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ცივი გონებით უნდა ითამაშოს და მხოლოდ ასე შეძლებენ მეტოქის სასურველი სხვაობით დამარცხებას.
"ეს დიდი მატჩი იქნება. ვოლფსბურგის დასამარცხებლად პირველივე წუთებიდან ცივი გონებით თამაში გვმართებს. არ მაქს ილუზია, რომ შეხვედრის დებიუტშივე მოვიპოვებთ სასურველ უპირატესობას, ამისკენ ჩვენ ეტაპობრივად უნდა მივიდეთ და თამაში მაღალი კონცენტრაციით ჩავატაროთ. ვოლფსბურგს შეუძლია გატანა და ეს კიდევ უფრო გაგვირთულებს საქმეს," - განაცხადა ზიდანმა.
ინგლისში გასამართ მატჩში კი ფავორიტის გამორჩევა რთულია. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. სიტის უპირატესობაზე საშინაო სტადიონის ფაქტორი მოქმედებს, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონის მწვრთნელი, ლორან ბლანი, გულშემატკივრებს გუნდისგან მაღალ დონეზე ასპარეზობას ჰპირდება.
"ჩვენ გავაანალიზეთ ის შეცდომები, რაც პირველ მატჩში დავუშვით - ჩემი გუნდი მოედანზე დიდ სივრცეებს ტოვებდა. მაღალ დონეზე თამაში გვმართებს და შანსები აუცილებლად გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ პსჟ გატანას შეძლებს. პირველ მატჩში უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მათ შორის თერთმეტმეტრიანიც. ყველაფერი მარტივადაა - სიტის სტუმრად გატანილი ბურთების უპირატესობა აქვს და აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ 1 მეტოქეზე გოლით მეტი გვჭირდება," - განაცხადა ბლანმა.
მატჩები თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.