მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენა ლესტერ სიტია. პრემიერლიგის 33 ტურის შემდეგ ლესტერული კლუბი პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარს ტოტენჰემს 8 ქულით უსწრებს. გასულ წელს კი მელიები პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ.
"ლესტერული ზღაპარი" - ასე უწოდებენ იმ კლუბის წარმატებას, რომლის ძირითადი შემადგენლობის ღირებულება 22.25 მილიონ გირვანქას შეადგენს. კლაუდიო რანიერის გუნდს უკვე გარანტირებული აქვს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა, თუმცა მთავარი წარმატება მაინც წინ არის. პრემიერლიგის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი - ლესტერი კი ლიდერია.
გთავაზობთ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას:
კასპერ შმეიხელი - 1,25 მლნ;
დენი სიმპსონი - 2,0 მლნ;
უეს მორგანი - 1,0 მლნ;
რობერტ ჰუტი - 3,0 მლნ;
კრისტიან ფუხსი - თავისუფალი აგენტი;
რიად მაჰრეზი - 400 ათასი;
დენი დრინკვოთერი - 1,0 მლნ;
ნ’გოლო კანტე - 5,6 მლნ;
მარკ ოლბრაიტონი - თავისუფალი აგენტი;
შინჯი ოკაზაკი - 7,0 მლნ;
ჯეიმი ვარდი - 1,0 მლნ;
*ფასები მოცემულია ფუნტ სტერლიგში.
გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედი კლაუდიო რანიერია-იტალიელი მწვრთნელი, რომელსაც აქამდე არც ერთი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი არ აქვს მოგებული. 64 წლის სპეციალისტის თქმით, სეზონის დასაწყისში ის ცდილობდა გუნდი ერთი იდეის გარშემო გაეერთიანებინა.
"მინდოდა რაღაც ახალი შემეთავაზებინა ფეხბურთელებისათვის და საკუთარი თავისათვის. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, ყველაფერი იდეის გარშემო ამეწყო. თუ შაბათს ვთამაშობთ, კვირას ფეხბურთელებს ყოველთვის ვასვენებ. ორშაბათს გუნდს ვავარჯიშებ, ოღონდ ეს არის მსუბუქი ვარჯიში. მე ვიტყოდი, ვარჯიში იტალიურ სტილში. ამ დროს ფეხბურთელის ორგანიზმი უნდა მოემზადოს დატვირთვებისათვის. სამშაბათს გვაქვს ინტენსიური ვარჯიში. ოთხშაბათს გუნდი ისვენებს. ხუთშაბათს ვარჯიში ისევ ინტენსიურია. პარასკევს ვემზადებით თამაშისათვის, შაბათს კი უკვე მატჩია.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს კვირაში ორი დასვენების დღე ჰქონდეთ. პირველ დღეს მე მათ ვეუბნები: "გაძლევთ თავისუფალ დღეს, ოღონდ ცოტა დრო ფეხბურთს უნდა დაუთმოთ. მე მათ ვესაუბრები ჩემს იდეებზე, ვუმაღლებ მოტივაციას. მეორე დასვენების დღეს კი ფეხბურთელი მთლიანად თავისუფალია."
რანიერის მოსამზადებელ პერიოდს ყველაზე კარგად გუნდის შემტევი ნახევარმცველი, მარკ ოლბრაიტონი ახასიათებს.
"რანიერი უდიდეს ყურადღებას აქცევს ტაქტიკურ ნიუანსებს. როცა მინდორზე გადიხარ, შენ უკვე ზუსტად იცი, რა უნდა გააკეთო. ის მეტოქეს ისე გიშიფრავს, რომ შენთვის საიდუმლო აღარ არსებობს. რანიერისთან საუბრის შემდეგ მეტოქეს ისე იცნობ, თითქოს, მისი ფეხბურთელების 50-მდე თამაში გქონდეს ნანახი," - განაცხადა ოლბრაიტონმა.
ლესტერის ანალიტიკოსმა, ენდი ბლეიკმა, მატჩისთვის მოსამზადებელ პერიოდში 4 მთავარი ნიუანსი გამოყო.
*როგორ გადადის მეტოქე დაცვიდან შეტევაში.
*როგორ რეაგირებს მეტოქე ბურთის დაკარგვაზე.
* როგორ აგებს გუნდი პოზიციურ დაცვას.
* როგორ ასრულებენ სტანდარტულ მდგომარეობებს და როგორ იცავენ თავს სტანდარტულების დროს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ჩემპიონობასთან ლესტერს 4 შეხვედრა აშორებს. მისი მეტოქეები იქნებიან: სუონსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი და ლონდონის ჩელსი.
P.S. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონობის შემთხვევაში ლესტერზე ფილმს გადაიღებენ სახელწოდებით-მისტერ მელიები. BBC-ის ცნობით, ჯეიმი ვარდის როლს ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებს, კლაუდიო რანიერის როლის შესრულებაზე კი რობერტ დე ნიროს განიხილავენ.
წყარო: Sportall.ge, BBC, Mirror, Eurosport, Gazzetta.it