დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართება. მადრიდის ატლეტიკო მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს.
გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 1974 წლის ფინალში შეხვდნენ, აქედან გამომდინარე მათი სტატისტიკის მიხედვით მსჯელობა უშედეგოა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბაიერნს ესპანეთში გამართული წინა 2 ნახევარფინალი წაგებული აქვს. ატლეტიკო კი მატჩს შესანიშნავი განწყობით ხვდება - გუნდმა ზედიზედ 5 თამაში მოიგო და 422 წუთია გოლი არ გაუშვია. ბაიერნი კი ზედიზედ 11 მატჩია დაუმარცხებელია, აქედან 9 გერმანული კლუბის გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ის მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს.
"ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობთ - უნდა მოვიგოთ. რთულ შეხვედრას ველოდები იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც დიდი შეტევითი პოტენციალი აქვს, თუმცა ვეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ვაკეთოთ ის რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. ბაიერნს დიდი რესურსი აქვს, მაგრამ ომში გამარჯვება იმ მხარეს რჩება, ვისაც უკეთესი ჯარისკაცები ჰყავს," - განაცხადა სიმეონემ.
მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კი ატლეტიკო შეაქო. მისი თქმით, მადრიდულმა კლუბმა ძალიან ბევრს მიაღწია და მათი ბარიერის დაძლევა ძალიან რთული იქნება.
"ბოლოს ატლეტიკოს წინააღმდეგ 5 წლის წინ ვითამაშე, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სიმეონეს გუნდი ძალიან კარგად ორგანიზებულია, ისინი კარგად იცავენ თავს და მომენტების დიდებულად იყენებენ. მადრიდელები განსაკუთრებით საშიში კონტრშეტევის დროს არიან. წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთული იქნება - ყველამ იცის, როგორი წარმატებითაც თამაშობს სიმეონეს გუნდი გრანდების წინააღმდეგ, თუმცა ბაიერნი ფინალში გასასვლელად ყველაფერს გააკეთებს,".
გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს;
ატლეტიკო: ობლაკი, ხუანფრანი, ხიმენესი, სავიჩი, ფელიპე ლუისი, გაბი, კოკე, საული, აუგუსტო ფერნანდესი, გრიზმანი, ტორესი.
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი, ალონსო, ვიდალი, კოსტა, რიბერი, მიულერი და ლევანდოვსკი.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
წყარო: UEFA