დღეს ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება. შვეიცარიაში, ბაზელის სტადიონზე ერთმანეთს ლივერპული და ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული სევილია დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ სევილია ევროპა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელიც გათამაშების ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს. წინა ორ შემთხვევაში თასი ესპანელებმა მოიპოვეს და თუ დღესაც მოახერხებენ გამარჯვებას, ამ მხრივაც უნიკალური მიღწევის ავტორები გახდებიან. ლივერპულს კი ევროპა ლიგა (უეფას თასი) 3-ჯერ აქვს მოგებული და აღნიშნულ ტურნირზე სევილიას მსგავსად ფინალურ მატჩში არასოდეს არ დამარცხებულა, თუმცა დღეს ეს სერია ერთ-ერთი გუნდისთვის აუცილებლად შეწყდება.
"აქ ვარ იმიტომ, რომ ჩემი ფეხბურთელების სათამაშო ხარისხში დარწმუნებული ვარ და მათ ფინალში თამაში დაიმსახურეს. გულშემატკივრებს ძალიან უნდათ ევროპა ლიგაზე ჩვენი გამარჯვება. მათ დიდი გზა გაიარეს. ევროპაში ჩვენთან ერთად მოგზაურობდნენ და გვინდა ოცნება ავუხდინოთ. ფინალში ყოველთვის 50/50-ზეა შანსები. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დეტალებს, გარემოებებს. ჩემთვის ასეა, რაც მეტ ზეწოლას ვგრძნობ, უფრო კარგად გამოვდივარ სიტუაციიდან. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ვიცი, ძალიან რთული იქნება ამის მიღწევა, მაგრამ ჩვენ მომზადებულნი ვართ," - განაცხადა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა.
"ზედიზედ მესამედ ვართ ფინალში, რომელსაც, იმედია, კვლავ მოვიგებთ. სევილია დიდ ყურადღებას უთმობს ევროპა ლიგას, რაც ჩვენს შედეგებშიც აისახება. დიდი გამოწვევაა, როცა მეტოქედ ლივერპული გყავს, კლუბი უდიდესი ისტორიითა და ქარიზმით. გამარჯვება ერთია და ის ჩვენ გვინდა მოვიპოვოთ," - განაცხადა სევილიას თავკაცმა, უნაი ემერიმ.
გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს UEFA-ს მიხედვით:
ლივერპული - მინოლე, კლაინი, ლოვრენი, ტურე, მორენო, ლლანა, ჩანი, მილნერი, ფირმინო, სტარიჯი და კოუტინიო.
სევილია - დავიდ სორია, მარიანო, რამი, კარისო, ესკუდერო, კრიხოვნიაკი, ნ’ზონზი, კოკე, ბანეგა, ვიტოლო და გამეირო.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
წყარო: uefa.com