20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
სექსუალური შევიწროება და ზეწოლა - უგრეხელიძე წულუკიანის შეხვედრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება 

სექსუალური შევიწროების სკანდალურ საქმეზე პაპუნა უგრეხელიძისა და თეა წულუკიანის დაანონსებული შეხვედრა სავარაუდოდ დღეს შედგება.

სწორედ ამ შეხვედრაზე დაუსვამს იუსტიციის მინისტრი რეესტრის ხელმძღვანელს უხერხულ შეკითხვებს. წულუკიანი უგრეხელიძისგან მეტ კონკრეტიკას და განმარტებებს ელოდება. მძიმე ბრალდებების მიუხედავად თეა წულუკიანი არც პაპუნა უგრეხელიძის გათავისუფლებასა და არც სასამართლო პროცესების დასრულებამდე მისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებას გეგმავს.

ასეთი პოზიციის გამო მინისტრს ოპონენტები აკრიტიკებენ.

„ქალბატონი თეა იტყუება, როდესაც საუბრობს, რომ ახლა დალაპარაკებას აპირებს, იმიტომ, რომ ომბუდსმენის აპარატში 2017 წლის გაზაფხულიდან თურმე ეს საქმე დევს და ის საქმის კურსში იყო ამ საქმესთან დაკავშირებით და დიდი ხნის წინ მისი ვალდებულება იყო, რომ დალაპარაკებოდა, მოესმინა კიდევაც და შესაბამისი რეაგირება მოეხდინა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ამ სკანდალური საქმის უკან თეა წულუკიანის პირადი ინტერესი დგას.

„სამარცხვინო იყო თეა წულუკიანის განცხადება, იგი არის იუსტიციის მინისტრი, ქალი მინისტრი, რომელიც უნდა იცავდეს ქალების უფლებებს უპირველსყოვლისა, მაგრამ მისი განცხადება იყო პირდაპირ ხელის დაფარება და მფარველობა პაპუნა უგრეხელიძის,“-ამბობს ენმ-ს წევრი ხატია დეკანონიძე.

ზეწოლის დადასტურების შემთხვევაში სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. თუმცა პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის საქმის დეტალებს არ იცნობს და მომხდარზე ინფორმაცია მხოლოდ მედიასაშუალებების მეშვეობით აქვს.

“ზოგადად ბრალდებები სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე ბრალდებებია და ბუნებრივია, რომ ყველა შემთხვევაში სჭირდება სათანადო ყურადღება. თუ დადასტურებულია მე ვფიქრობ, არსებობს კანონში შესაბამისი მოთხოვნები ჩამოწერილი და კანონის მოთხოვნები უნდა იყოს დაცული,“-განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები