ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება. კონსულტაციების პირველი დღე თანათავმჯდომარეებთან შეხვედრებს დაეთმობა, სადაც საუბრის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იქნება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა რუსეთმა უნდა აიღოს და გამოძიების პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს.
ცნობილია, რომ კონსულტაციების ორივე დღეს საუბარი ძალის არგამოყენების საკითხს შეეხება, რომელზეც მუშაობა უკვე 6 წელია მიმდინარეობს.
დონდუა განმარტავს, რომ განცხადებას, ოკუპირებული რეჟიმის რაიმე სახის ლეგიტიმაციასთან და მათ მხარეებად წარმოჩენასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მისი თქმით, მთავარი მიზანია მხოლოდ ისაა, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შეთანხმება შეასრულოს.
„ამ განცხადებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ რუსეთის ადასტურებს თავის ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. საფრთხეს რაც შეეხება, ჩვენ საფრთხის თვალსაზრისით კი არა შესაძლებლობების თვალსაზრისით ვუყურებთ ამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს წაადგება იმ პროცესს, რასაც ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება,“-განაცხადა დავით დონდუამ.