20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ივანიშვილი სახელმწიფოს კუთვნილი ხის შესყიდვას 7 ათას ლარად გეგმავს - ოპოზიცია კიდევ ერთი აუქციონისთვის ემზადება

ოპოზიცია კიდევ ერთი აუქციონისთვის ემზადება - დმანისის გადარჩენის ფონდში შემავალი პოლიტიკური პარტიები ამჯერად ფინანსთა სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილი ევკალიპტის ხის შესყიდვას შეეცდებიან. ხე, რომლის საწყისი ფასი 7 ათასი ლარია, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან შეიკრიბნენ. ოპოზიციის მთავარი სლოგანია "ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ". 

„მთელი ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო დაკავებულია იმით, რომ ხეები გამოაქვს ბიძინა ივანიშვილისთვის აუქციონზე. დღეს შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ 7 ათას ლარად აპირებს მწვანე კონცხზე პრაქტიკულად, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან სახელმწიფოს კუთვნილი ხის შესყიდვას. აქ არ არის ხეში საქმე, აქ მიდგომაშია, ყველგან, სადაც ცხვირს შეყოფს ბიძინა ივანიშვილი, იქ, სადაც ყველგან შეყოფს ფეხს, ყველგან, სადაც ხელს შეყოფს, მოტყდება ხელიც, ფეხიც და ცხვირიც. იქ, სადაც არის სახელმწიფო საკუთრება, იქ, სადაც არის საზოგადოებრივი სიკეთე, ეროვნული სიმდიდრე და ამას იტაცებს და იქ წავასწრებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, ხელში ჩავარტყათ და ადგილზე გავაშეშოთ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წევრების თქმით, არ აპირებენ, რომ მარტივად დაუთმონ ყოფილ პრემიერს ევკალიპტის ჯიშის ხე, რომელზეც აუქციონია გამოცხადებული.

„ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესს დავინახავთ, ყველა აუქციონში, ყველა ტენდერში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, რომ რეალური სურათი და სახე ვაჩვენოთ, როგორ მუშაობს მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ადამიანის ინტერესებთან დაკავშირებით“,- განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის თქმით, ფინანასთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში მთელი დღის განმავლობაში ჩაერთვებიან.

„სამას წლოვან ხეზე აუქციონი იმიტომ გამოცხადდა, რომ მან ეს ხე შეიძინოს. რა განსხვავებაა, თითოეულმა ჩვენგანმა რომ ვისურვოთ რუსთაველის გამზირზე არსებული ზეთის ხილის ხის შეძენა, თბილისის მერია გამოგვიცხადებს აუქციონს? არავითარ შემთხვევაში. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები იმიტომ ერთვებიან ამ პროცესში, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ არც ხე და არც ეს ქვეყანა არ არის ერთი ადამიანის,“- განაცხადა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ არავის აქვს უფლება, სახელმწიფო რესურსი მისი სურვილების შესაბამისად გამოიყენოს.

დღის ამბები