არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები ბორჯომში იმყოფებიან. "ლიდერთა საბჭოს" წევრები, შეხვედრებს ბორჯომის საკრებულოს წევრებთან მართავენ.
შეხვედრაზე ხვალ დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებსა და შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.
როგორც ცნობილია, ხვალ ბორჯომის საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრები საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ.
"ქართულ ოცნებას" ბორჯომის საკრებულოში 13 წევრი ჰყავს, თუმცა იმპიჩმენტის მოთხოვნას "პატრიოტთა ალიანსის" ორი წევრიც უერთდება.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე თავად ზაზა ჩაჩანიძე "პატრიოტთა ალიანსის" წევრია.
ჩაჩანიძე ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" "ქართული ოცნების"თამაშს სათავეში ჩაუდგა.
„ვხედავთ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ ჩაუდგა სათავეში.
მე მინდა გოჩა თევდორაძეს გამოვეხმაურო, როცა იძახდა გუშინ, რომ ოპოზიციური იქნება საკრებულო. რა თქმა უნდა, ეს არის ზღაპარი და ხვალ იქნება ფარსი, რომელსაც ყველა დაინახავთ.
მინდა ყველამ იცოდეს, რატომ დაიწყო ეს დაპირისპირება, ეს იყო იმ ორი ფრაქციის შექმნა, რომელიც 300 ათას ლარს დაუზოგავს ბორჯომის რაიონს და იმ ხელფასის მატებას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით იგივეს, რაც ვთქვა, გორის ბიუჯეტში მიიღეს“- აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, დამანგრეველია ის ფაქტი, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს მხარს სხვა პარტიის წარმომადგენლები უჭერენ, პარტიის წევრები კი მის წინააღმდეგ მიდიან.
„უმრავლესობა არის „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტაცია და მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე. მე ვუჭერდე მხარს ამ პარტიის წარმომადგენლობას და თვითონ ამ პარტიის ცენტრი მხარს არ უჭერდეს და პირიქით შეუერთდეს ხელისუფლებას იმპიჩმენტში და რეპრესიებში- ეს იქნება დამანგრეველი მთლიანი სიტუაციისთვის და კონკრეტულად ამ პარტიისთვის“- განაცხადა ნათელაშვილმა.
”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება გადაიბირებს პატრიოტთა ალიანსს, ცალსახად გამოჩნდება ვინ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან.
„ხვალ თუ შეექმნა ამ ერთობას პრობლემა, ცალსახად გამოჩნდება, რომ ამის უკან დგას ხელისუფლება“- აცხადებს დავითაია.
ბორჯომის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტით, ხელისუფლება წავა იმ ამომრჩევლის წინააღმდეგ, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ირმა ინაშვილმა შეძლო, საკუთარი დეპუტატები თავისივე პარტიის წევრის წინააღმდეგ ხელისუფლების სასარგებლოდ გადაებირებინა.