თბილისის მერიამ გენგეგმის განხილვის დროს „სითი ინსტიტუტის“ დოკუმენტი გააკრიტიკა. თბილისის მერიის წარმომადგენლების თქმით, გენგეგმაში წარმოდგენილი რუკები რეალობას არ ასახავს და „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარდგენილი პროექტი საბჭოურია.
განცხადებების შემდეგ პროექტის ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ შეხვედრა დატოვა და მან აღნიშნა, რომ თბილისის მერიისგან დღეს მიღებული შენიშვნები უსაფუძვლო და არასამართლიანია.
„უსამართლო კრიტიკაა და არ იციან, რა არის გენგეგმა. ეს არ არის პარტიული დოკუმენტი, ეს არის ქალაქის დოკუმენტი. საერთოდ, ჯერ არ მოუსმენიათ ჩვენი აზრი. გენერალური გეგმა არის შესათანხმებელი, ეს არის საჭირო დოკუმენტი. ხვალ ან ზეგ ჩვენ გვექნება საჯარო განხილვა,“ - განაცხადა „სითი ინსტიტუტი საქართველოს” წარმომადგენელმა, მერაბ ბოლქვაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზალიკო უდუმაშვილმა მერიის წარმომადგენლებს მიმართა კითხვით, თუ გააცნო მერიამ დღეს გამოთქმული შენიშვნები გენერალური გეგმის ავტორებს.
„მაქვს მხოლოდ ორი კითხვა, ის შენიშვნები, რომლებიც თქვენ თითქმის, ერთი საათის განმავლობაში გაგვაცანით, ეს შენიშვნები თუ გააცანით ამ თვეების განმავლობაში გენერალური გეგმის ავტორებს. იქნება თუ არა მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისში ისეთივე ურბანული ქაოსი, როგორიც დღემდე იყო ანუ გაიმარჯვებს კორუფცია და ურბანული ქაოსი თბილისის განვითარებაზე,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.
პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მერიის წარმომადგენლები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დისკუსია რამდენიმე დღით ადრე არ უნდა იმართებოდეს.
„ახლა განაჩენი უნდა გამოუტანოთ ამ ქალაქს, რომ გაგრძელდეს იგივე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში და ვიღაცებმა იქ ფულები აკეთონ თუ გადავიდეთ გეგმაზომიერი, ნორმალური განვითარების ეტაპზე, ახლა ამ ზღვარზე ვდგავართ. ბატონო კახი, თქვენი პასუხისმგებლობის საკითხია,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპონენტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ მერია მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას იღებს.
„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩვენი მხრიდან მიღებული. ჩვენ ვართ ქალაქის ხელმძღვანელობა, მე ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივარ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი სწორად განვითარდეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.