სახელმწიფო აუდიტის დასკვნის განხილვას დედოფლისწყაროს საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს საკრებულოში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, ნახევარ მილიონამდე თანხა არამიზნობრივად არის გამოყენებული, რაც კორუფციის ნიშნებზე მიუთითებს.
დოკუმენტით დგინდება, რომ მერიამ 126 ათასი ლარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით შეუსრულებელ მომსახურებაში გადაიხადა.
„პირდაპირი მითითებაა კორუფციაზე, აქ არის საკმაოდ დიდ თანხებზე საუბარი და დედოფლისწყაროს უპატრონობაზე. დაუსჯელობის სინდრომია, რაზეც წლების განმავლობაში ვლაპარაკობთ.
"იმიტომ, რომ პრემიერის რაიონი იყო, იმიტომ, რომ იყო რაღაც კონკრეტული გუნდის რაიონი, აქ არსებობს დღემდე დაუსჯელობის სინდრომი და სწორედ ამ დაუსჯელობის სინდრომის მაგალითია, რომ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, რასაც ვერ ადასტურებს მერია, რომ ეს თანხები ნამდვილად საქმიანად გაიხარჯა,“ - აცხადებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ბაღაშვილი.
სხვადასხვა დარღვევებს შორის არის შტატგარეშე მოსამსახურეებისთვის გაცემული პრემია და დაზიანებული ინფრასტრუქტურა. მერს რეკომენდაციების შესრულება ერთ თვეში დაევალა.
დედოფლისწყაროს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, აცხადებს, რომ დასკვნაში დანაშაულის ნიშნებზე საუბარი არ არის. მისი თქმით, მიღებულ რეკომენდაციებს აუცილებლად გაითვალისწინებენ.
„აუდიტის დასკვნაში ნათლად ჩანს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. საუბარი იმაზე, რომ მუშაობის პროცესში სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ხდება, ეს არის აუდიტის დასკვნაში მოცემული და ამას ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ,“ - აცხადებს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.