ჟენევაში ქართულმა დელეგაციამ კონსულტაციების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრები უკვე დაიწყო. ქართულ დელეგაციას რამდენიმე ორმხირივი შეხვედრა აქვს დაგეგმილი და მასზე ხვალინდელ დღის წესრიგთან დაკავშირებით მსჯელობენ.
ქართულ მხარეს ორი ძირითადი საკითხი აქვს. ეს არის არჩილ ტატუნაშვილის საქმე და ჟენევის დისკუსიების მონაწილეების ერთობლივი განცხადება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით.
ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას რუსეთისგან მოითხოვს. სამუშაო შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით კი ერთობლივი განცხადებების ტექსტსაც განიხილავენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა, აცხადებს, რომ ტექსტზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.
„საუბარი შეეხება ასევე ძალის არგამოყენების ერთობლივ განცხადებას. ჩვენთვის მთავარია, რომ ერთი - ტექსტი იყოს შესაბამისი და გარდა ამისა, ამ განცხადების მიღების შემდეგ დაიწყოს უკვე რეალური მუშაობა, პროცესი იმისა, რომ შესრულდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამისთვის კი საჭიროა, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები,“ - განაცხადა დავით დონდუამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ობიექტური გამოძიებით უნდა დადგინდეს დამნაშავეები და ისინი პასუხისგებაში მიეცნენ.
„ცხედრის გადმოცემა ერთი ნაწილი იყო, ახლა საჭიროა, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, დადგინდნენ, თუ ვინ არიან დამნაშავეები და მიცემულ იქნენ პასუხისგებაში. პოლიტიკური ვალდებულება უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს ძალა არის რუსეთის ფედერაცია. ამიტომ, მთავარი ადრესატი ჩვენი განცხადებების იქნება სწორედ რუსეთის მხარე,“ - განაცხადა დავით დონდუამ.