თბილისის გენგეგმის განხილვა დაპირისპირების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე წარიმართა. სასტუმრო ბილტმორში თბილისის გენგეგმის ავტორებს მოუსმინეს და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა მათი გეგმა გააკრიტიკეს.
დაპირისპირება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, ვატო შაქარიშვილსა და ევროპული საქართველოს თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს, ელენე ხოშტარიას, შორის მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ელენე ხოშტარიამ სითი ინსტიტუტსა და თბილისის მერიას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაზე ისაუბრა. ქალაქის მერი, კახა კალაძე, ოპონენტის არგუმენტებს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური პოპულიზმით სარგებლობს.
კახა კალაძემ ოპოზიცია ასევე არაკომპეტენტურობაშიც დაადანაშაულა, რაზეც პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, აღნიშნა, რომ პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ მათი პოზიციებიც უნდა მოისმინონ მერიის წარმომადგენლებმა.
გენერალური გეგმის განხილვის დროს ერთმანეთს პარტია ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძეც და ვატო შაქარიშვილიც დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
გენგეგმის გაკრიტიკების შემდეგ სითი ინსტიტუტის პროექტის ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ, შეხვედრა დატოვა და აღნიშნა, რომ მერიის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა უსაფუძვლო იყო.
დაპირისპირების დასრულების შემდეგ ვატო შაქარიშვილმა ელენე ხოშტარიას მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ხოლო გიორგი ვაშაძესთან მომხდარ შელაპარაკებაზე აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებით სწორი რეაქცია ჰქონდა.
თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მერია რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.