„განცხადება თუ იქნება, იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საჩვენო,“ - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ, ჟენევაში ძალის არ გამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
კვლავაც უცნობია, მიიღებენ თუ არა ხვალ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას.
ქართული დელეგაცია ჟენევაში კონსულტაციების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრებს მართავს.
დავით დონდუამ აღნიშნა, რომ განცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუკი ტექსტი ქართულ მხარეს დააკმაყოფილებს.
„განცხადება თუ იქნება, იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საჩვენო. ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვაძალებს და ვერავინ ისეთ რამეზე ვერ დაგვითანხმებს, თუ ჩვენ აქ დელეგაციის წევრები და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არ ჩათვლის, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, რომელსაც მოყვება პრაქტიკული გაგრძელება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების. ასე რომ, არანაირი საფრთხე იმისა, რომ მახეში ვინმე გაგვახვევს ან ვიღაცა რაღაცაზე ხელს მოგვაწერინებს, ეს გამორიცხულია,“ - განაცხადა დავით დონდუამ.
ჟენევის დისკუსიები არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პირველად ტარდება. ქართული მხარე მოითხოვს, მოსკოვმა ქართველი სამხედროს მკვლელობის ფაქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.
„თემა პირველ რიგში არის ის, რომ ხელი არ შეეშალოს გამოძიების მიყვანას ბოლომდე ქართული მხარის მიერ და შესაბამისად, რაც დადგება შედეგი, დაისაჯონ შესაბამისად დამნაშავეები,“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.