20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე პარლამენტის გენდერულ საბჭოში მსჯელობენ

სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე ამ წუთებში პარლამენტის გენდერულ საბჭოში მსჯელობენ. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობის დონეზე გაიწეროს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურ შევიწროებად.

„სხვადასხვა კანონმდებლობაში არის საჭიროება გაწერის თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურ შევიწროებად და როგორ შეიძლება შემდეგ ასეთ ფაქტებს მოჰყვეს რეაგირება. ნორმაზე ჩამოსაყალიბებლად ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

„ევროპული საქართველომ“ ინიციატივა წამოაყენა, რომ შემაკავებელი ორდერის პარალელურად, 48 საათიანი დაკავება განხორციელდეს.

„ევროპული საქართველო“ უკვე გამოვედით კონკრეტული ინიციატივით, რომელიც მათ შორის, შევიწროებაზე ხელს შეგვიწყობს, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ეს არის მაგალითად, შემაკავებელი ორდერის პარალელურად, 48 საათიანი დაკავება, შევიწროებაზე, დისკრიმინაციაზე ხანდაზმულობის ვადის ზრდა. ამის პარალელურად, გენდერული საბჭოს ფარგლებში ვაგრძელებთ მსჯელობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ ვიმუშაოთ ისეთ კანონზე, რომელიც ქმედითი და რეალური იქნება,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ კანონმდებლობის დახვეწა მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს.

კანონმდებლობის დახვეწა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ, რომელიც ასევე გათვალისწინებულია სტამბოლის კონვენციით, რომელსაც საქართველო მიუერთდა. ასე, რომ ეს ვალდებულება ჩვენ საერთაშორისო სამართლითაც გვაქვს. თუმცა ცხადია, აქ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება. როდესაც გვყავს იუსტიციის მინისტრი, რომელიც შეგნებულად ხელს აფარებს თავის დაქვემდებარებაში მყოფ მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც მხილებულია სახალხო დამცველის მიერ ასეთი ტიპის დანაშაულში, არანაირი კანონმდებლობის გამკაცრება ამ საკითხს ვერ უშველის,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები