“იმპიჩმენტის წინააღმდეგი ვიყავი. სამწუხაროა ის, რაც ბორჯომში ხდება თვეების მანძილზე, არ უნდა შევრცხვენილიყავით,“-ამის შესახებ განცხადება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ”პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ვიოლეტა ბალახაშვილმა გააკეთა.
ბორჯომის საკრებულოს სხდომას, რომელზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება თავმჯდომარის გადაყენებასთან დაკავშირებით სულ 21 დეპუტატი ესწრებოდა. აქედან 8 "პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო. ზაზა ჩაჩანიძის გადაყენების წინააღმდეგი ხმა „პატრიოტთა ალიანსის" ორმა წევრმა მისცა, მათ შორის ერთ-ერთი ვიოლეტა ბალახაშვილი იყო.
„პატრიოტთა ალიანსის“ ის წევრი კი რომელმაც თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა ამბობს, რომ მერია და საკრებულო ურთიერთობის ჩიხში იყო შესული. ამიტომ ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას მხარი დაუჭირა.
„პროცესები ჩიხში იყო შესული. მერია და საკრებულო ერთად ვერ თანამშრომლობდა. აქედან გამომდინარე ჩვენი ამომრჩევლები ძალიან შეწუხებულები იყვნენ. რაღაც პროექტები იყო , რომელიც ვერ გადიოდა,“-განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ”პატრიოტთა ალიანსიდან” გოჩა ჩადუნელმა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი გოგიჩაიშვილი შეასრულებს. მას ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. გიორგი გოგიჩაიშვილი, რომელიც ასევე პატრიოტთა ალიანსის წევრია, ამბობს, რომ თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურაც განიხილება.
„მოვიწვევთ რიგგარეშე სხდომას. აქ უფლება მერს, ასევე ფრაქციის თავმჯდომარეს, ასევე ერთ მესამედს. განვიხილავთ შვიდი დღის ვადაში. ერთ -ერთი კანდიდატურა ვარ მე,“-განაცხადა გიორგი გოგიჩაიშვილმა.
საკრებულოს „ქართული ოცნების’ წევრების შეფასებით ხვალიდან მერია შეძლებს სრულყოფილად მუშაობას და მას აღარ შეექმნება ბარიერები ზაზა ჩაჩანიძის სახით.
„ბორჯომმა მიიღო ის, რომ ხვალიდან ამოქმედდება ჩვენი მერია და შეეძლებათ ჩვენს თანამოქალაქეებს სრულფასოვნად მიიღონ ის ყველა პროგრამა დროულად და ხარისხიანად რასაც ხელს უშლიდა და აფერხებდა ზაზა ჩაჩანიძე,“- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კვირკველიამ.