20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
"რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები აქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება" - საქართველოს ელჩი გაეროში

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ელჩის გამოსვლის მთავარი თემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი იყო. საბჭოს მორიგ შეხვედრაზე, რომელზეც ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციების საკითხები განიხილებოდა, კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სრულყოფილი მონიტორინგის არარსებობის პირობებში შექმნილ მძიმე ვითარებას.

"რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები აქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება. 22 თებერვალს სამოქალაქო პირის არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა მოხდა, თუმცა მისი ცხედარი საოკუპაციო ძალებმა ქართულ მხარეს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გადმოსცეს. სამედიცინო ექსპერტიზამ მისი წამების დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოავლინა, საქართველოში გაეროს სამშვიდობო მისიის შეწყვეტამ, რაც ამ საბჭოს ერთ-ერთი წევრის ვეტოს გამოყენებამ განაპირობა, შექმნა საერთაშორისო ყოფნის ვაკუუმი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, გადააქცია ისინი შავ ხვრელებად ადამიანის უფლებების დარგში. ეს ვითარება აჩვენებს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების შეთანხმებების საჭიროებას როგორც ეს 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ამ დრომდე მოლაპარაკებები ამ საკითხზე მოჩვენებითია,"- აცხადებს კახა იმნაძე. 

დღის ამბები