ექსპერტები, რომლებიც რუსეთის სურვილს დატოვოს მოლაპარაკებები, საფრთხედ აფასებენ, ჟენევის ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით ამის წინააღმდეგ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, მათ შორის გააძლიეროს საერთაშორისო ზეწოლაც. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების პარალელურად, ექსპერტები რუსეთის მხრიდან 6-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზეც მიუთითებენ, რისი ვალდებულებაც მოსკოვმა აგვისტოს ომის შემდეგ აიღო.
"მას უნდა რომ რაღაცნაირად მოიშოროს თავიდან, რომ იქნებ ისეთი ფორმატი შემოგვთავაზოს რომ ჩვენ უარი ვთქვათ და მერე გავიდეს ფორმატიდან, არაა გამორიცხული," - აცხადებს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე.
"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია კი განმარტავს, რომ არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც რუსეთის მიერ საქართველომ არ უნდა დაუშვას.
"რუსეთის მცდელობა რომ ეს გადაწიოს ე.წ. აღიარებული ქვეყნების, ოსეთის და აფხაზეთის მხარეს არის მისი მცდელობა, პასუხისმგებლობა აირიდოს, გამოვიდეს პროცესიდან და სხვა, მედიატორის ან ხელშემწყობის მანტია მოირგოს, მაგრამ ეს არის წითელი ხაზი, რომელიც არ უდნა დაუშვას საქართველოს მხარემ და ნებისმიერი ასეთი მცდელობა საფუძველშივე უნდა იყოს აღკვეთილი,"-აცხადებს ბათუ ქუთელია.