საქართველო რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო უწყება გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის.
"სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში,"- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.