20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ არის საკითხები, რომელსაც არ დავთმობთ - ანალიტიკოსები ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზე საუბრობენ

ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსები ეხმაურებიან.

ექსპერტები კიდევ ერთხელ საუბრობენ მოსკოვთან კომპრომისების საფრთხეზე და ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ აჰყვეს რუსეთს ჟენევის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებულ სპეკულაციებში.

„რაც გუშინ მოხდა, რომ საქართველოს დელეგაციამ არ მიიღო ეს განცხადება, ეს არის ძალიან კარგი და დასაფასებელი. მადლობა ეკუთვნით იმ ხალხს, რომელიც დარწმუნებული ვარ დიდი ზეწოლის ქვეშ იყო, მაგრამ მაინც უარი თქვა ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს კურსი გავაგრძელოთ და არ წავიდეთ რუსეთთან არაფრის მომცემ დათმობაზე. დიპლომატია კომპრომისების ხელოვნებაა, მაგრამ კომპრომისები არ შეიძლება იყოს ცალმხრივი. თითქმის, 30 ქვეყნიდან გააძევეს რუსი დიპლომატები, ამ დროს ახლა რუსეთთან დემონსტრაციულ დათმობაზე წასვლა იქნებოდა არაგონივრული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან“- აცხადებს ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დამფუძნებელი, შოთა უტიაშვილი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია რუსეთთან სიფრთხილე, რათა არ მოხდეს ისეთი საკითხის“ შემოპარება“ , რომელიც საქართველოს ინტერესებს დააზიანებს.

მისი თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ არის საკითხები, რასაც საქართველო არ დათმობს.

„რუსეთს აქვს თავის დღის წესრიგი, ძალიან ძნელია, შეაცვლევინო ეს დღის წესრიგი. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ შემოგვაპარონ არაფერი ისეთი, რაც არ შედის ჩვენს ინტერესში. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ პროვოკაციულები, მაგრამ წითელი ხაზები ძალიან კარგად უნდა ვაჩვენოთ. ყველა შემთხვევაში, ალბათ, საჭიროა ორივე სირბილეც და სიხისტეც. სირბილე იმ თვალსაზრისით, რომ არ უნდა გამოიწვიო რუსეთი, იმიტომ, რომ ეს არის სარისკო, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეს ის საკითხები,  რომელსაც ჩვენა არ დავთმობთ,“- ამბობს კახა კახა გოგოლაშვილი.

დღის ამბები