ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი - ოპოზიცია მმართველ გუნდს ჟენევის ფორმატის შეცვლას და გადახედვას არ ურჩევს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას ოპონენტებმა დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციონ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ჟენევის ფორმატის გადახედვა არ უნდა მოხდეს.
„რუსეთმა გაითამაშა ძალიან მარტივი ორსვლიანი კომბინაცია, თუ გამოუვიდოდათ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაწილეობით მიღება შეთანხმების ძალის არგამოყენების შესახებ შესანიშნავი. თუ არადა ახლა თავის წარუმატებლობას იყენებენ იმისთვის, რომ ამტკიცონ, რომ ჟენევის ფორმატი საჭიროებს გადახედვას,“ - განაცხადა ვაშაძემ.
პარლამენტის ვიცესპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, კარასინს აწყობს საქართველოში შიდა განხილვები. მისი განცხადებით, სწორედ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ოპოზიციური პარტიების მხრიდან საქართველოს პრემიერმინისტრის კრიტიკა გამოიწვია.
„უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ კარასინს ასეთი ვითარება აწყობს, კარასინს არა, რუსეთს, როდესაც მოლაპარაკების საშუალება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მის განცხადებასაც ნუ მივიღებთ, როგორც კონსპექტს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.