პრემიერმინისტრის ნათესავმა, გურამ ასათიანმა, რომლის ხელქვეითებიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც ცნობილია, მისი განცხადება უკვე დაკმაყოფილდა. თანამდებობიდან წასვლის მიზეზად გურამ ასათიანმა ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის გურიის სამმართველოს ტერიტორიაზე „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფს შესვლის საშუალება არ მისცეს. დაკავებულების ახლობლებთან გასაუბრება ჟურნალისტმა გურიის პოლიციის დეპარტამენტთან შეძლო. მათი თქმით, მათ ნათესავებს კორუფციულ გარიგებასთან კავშირი არ აქვთ.
გურიის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 10 თანამშრომლიდან დაკავებულია ხუთი, დანარჩენების მიმართ კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიებით დადგინდა, რომ დეპარტამენტის თანამშრომლები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ხელს უწყობდნენ გურიის რეგიონში ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებას.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე მიმდინარეობს.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე.