20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ნათესავის თანამდებობა კორუფციულ სკანდალს შეეწირა

პრემიერ-მინისტრის ნათესავის თანამდებობა კორუფციულ სკანდალს შეეწირა - გურიის გარემოსდაცვითი პატრულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა პოსტი სუს-ში რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

ანტიკორუფციული სამსახური გურიის გარემოსდაცვითი პატრულირების სააგენტოში, რომელსაც გურამ ასათიანი ხელმძღვანელობს, კორუფციის შესაძლო ფაქტებს იძიებს.

სუს-ის ინფორმაციით, 10-დან ხუთ თანამშრომელს ბრალი უკვე წაუყენეს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ისინი რამდენიმე კომპანიის თანამშრომლებს კორუფციულად გაურიგდნენ და სარგებლის სანაცვლოდ ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვების უფლება მისცეს.

გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებს ბრალი უკვე წაუყენეს. დაკავებულთა ოჯახის წევრები დღეს ოზურგეთის პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ. მათი აზრით ბრალი, რომელიც სუს-მა მათ წაუყენა, გამოგონილია.

კორუფციული სკანდალიდან რამდენიმე საათში გიორგი კვირიკაშვილის ოჯახის ნათესავმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. უცნობია, დაიბარებენ თუ არა მას ისევ გამოკითხვაზე.  

გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ხუთ თანამშრომელს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე, ლადო მენაბდე, ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები