პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილის დანიშვნას ეხმაურება.
დეპუტატმა სამთავრობო ცვლილება შეაფასა და აღნიშნა, რომ მაია ცქიტიშვილი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
“მივესალმები ქალბატონი მაია ცქიტიშვილის დანიშვნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე. მაია გამოირჩევა სიღრმისეული ცოდნით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და ღირსებით. მინდა ვუსურვო წარმატებები ამ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევაში“, - განაცხადა დანელიამ.
რაც შეეხება უკვე ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძის თანამდებობიდან წასვლის საკითხს, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ პარლამენტის ვალდებულებაა მინისტრთა კაბინეტის საქმიანობა შეაფასოს. დანელიამ, ზურაბ ალავიძე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ არასათანადო ბრძოლის გამო არაერთხელ გააკრიტიკა.
„რაც შეეხება ჩემს კრიტიკას ეს ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა, ეს არის ჩემი მოვალეობა, ისევე როგორც ჩემი კოლეგების ნებისმიერი დეპუტატის, განსაკუთრებით მაჟორიტარების, რომლებიც რეგიონებიდან ვართ ხალხის მანდატით წარმომადგენელი, შესაბამისად, თუ ჩვენ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში რაიმე შენიშვნები გვაქვს ეს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და დავაფიქსიროთ, ამიტომ მე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ“-განაცხადა დანელიამ.