რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილის დანიშვნასა და ზურაბ ალავიძის გადადგომას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებად აფასებს.
ნიკა მელია ამბობს, რომ ზურაბ ალავიძის ნაცვლად, ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო წევრი დაინიშნა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პრემიერის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი "თავს პრემეირად ასაღებს", რაც მისი თქმით, შეურაცხმყოფელია.
„უკვე ძალიან შეურაცხმყოფელია ბატონი კვირიკაშვილის ბრიფინგები და კვლავ გასაღება, რომ ის თითქოს ნამდვილად წარმოადგენს პრემიერ-მინისტრს.
ეს არის ყველაზე მეტად შეურაცხმყოფელი, ერთადერთი ნორმალური მინისტრი თუკი ვინმე ჰყავდათ კაბინეტში ეს იყო ბატონი ალავიძე და ისიც ეტყობა ბატონი ივანიშვილის დავალებით გადააყენეს სრულიად დამამცირებლად და დანიშნეს ივანიშვილის უახლოესი ადამიანი, როგორც ჩანს იგი ჩვეული ელასტიურობითა და მოქნილობით ვერ აფათურებდა ხელს საკუთარი გემოვნების მიხედვით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორც მას სურდა“ - აცხადებს ნიკა მელია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა შეცვალა.