„ვადასტურებ, რომ მაია ცქიტიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი ადამიანი“ - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე.
მისი თქმით, მაია ცქიტიშვილი არის კვალიფიციური კადრი, თუმცა მისი პიროვნული მახასიათებლები და შესაძლებლობები მთავრობის ეფექტურობას ვერ გაზრდის.
„არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მას, პიროვნულად მაია ცქიტიშვილს, მე ვახასიათებ, როგორც უაღრესად წესიერ, პატიოსან, კომპეტენტურ და კვალიფიციურ ადამიანს და აქვე დავამატებ, რომ სამწუხაროდ იმ პირობებში, როდესაც არც მთავრობას არც პრემიერ მინისტრს და არც პარლამენტს არ აქვს თავის უფლებამოსილების განხორციელების უფლება, ანუ მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ვერც მაია ცქიტიშვილი ამ მთავრობის ეფექტურობას ვერ გაზრდის,“- განაცხადა გოგუაძემ.
მანვე შეაფასა ის განცხადება, რომელიც პრემიერმა მისი გადადგომის შესახებ ოპოზიციის მისამართით გააკეთა. გოგუაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მყოფმა არც ერთმა პირმა არ იცის, რამდენ ხანს შეინარჩუნებს თანამდებობას.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ კვირიკაშვილი არ შეიცვლებოდა. თუმცა ის, რაც მან დაამატა, რომ კიდევ რამდენიმე წელი ვიქნებიო ესეც, რა თქმა უნდა, სასაცილოა, იმიტომ რომ არც ერთმა ამ გუნდის წევრმა და არც ბატონმა პრემიერმა არ იცის რამდენ ხანს გააგრძელებს ამ თანამდებობაზე მუშაობას“ - განაცხადა გოგუაძემ.