საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების შემდეგ, ოფიციალური თბილისი მოსკოვის პასუხის მოლოდინშია. მოსკოვში რვა ქართველი დიპლომატი მუშაობს. რუსეთიდან საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომლის დატოვებაზე ამ ეტაპზე მათ მიმართვა ან წერილი არ მიუღიათ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო.
„საქართველო, რომელიც თავისი ყველზე მწვავე პრობლემით მითითებულია, მე ვგულისხმობ აგვისტოს ომის შედეგებს, მითითებული აქვს დიდ ბრიტანეთს იმ ჩამონათვალში, რომელიც არის ერთ-ერთი ბრალდება რუსეთის ფედერაციისთვის, ეს არის ჩვენთვის უსერიოზულესი საკითხი,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევება არის ადეკვატური ნაბიჯი, თუმცა დაგვიანებული.
„შთამბეჭდავი დიდი სია არსებობს ცივილიზებული სამყაროს ქვეყნების, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადადგეს და არაერთ რუს დიპლომატს დაატოვებინეს საკუთარი საზღვრები, ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც შეიძლება საერთაშორისო სასამართლოს სივრცეში გამოიყენო იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა წითელ ხაზებს კვეთს. ეს არის სწორედ ის, რაც რუსეთმა გააკეთა ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოც იყოს ნაწილი სამართლებრივი სანქციების, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში გამოიყენონ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუღუშმა.