„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევენ. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადება, რომ რუსეთიდან იმდენივე დიპლომატს გააძევებენ, რამდენიც ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად 27 ქვეყანამ გააძევა, არის პასუხი აგრესიასა და რუსეთის ლანძღვაზე.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, საიდანაც კარგად ჩანს, რა ქმედებების განხორციელებას აპირებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის პასუხი ბოკერიას რეზოლუციაზე, დიდი ბრიტანეთისადმი, თითქოს. გამოცხადებულ სოლიდარობაზე, რომელიც, პრინციპში, ჩვენს სახელმწიფოს, ქვეყანას არ სჭირდება. ეს არის პასუხი აგრესიაზე, ზიზღზე, რუსეთის მუდმივ ლანძღვა-გინებაზე,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საქართველოს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
„საქართველო-რუსეთს შორის ვითარება დღეს იმდენად დაძაბულია, რომ თქვენ, საქართველოს პრემიერი, ვალდებული ხართ, სასწრაფოდ გააკეთოთ კიდევ ერთი განცხადება რუსეთის ხელისუფლებისადმი და ყველა ღონეს მიმართოთ იმისთვის, რომ განეიტრალდეს კრიტიკული, დაძაბული ვითარება. ჩვენ ასევე მიმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი ფრაქციის დელეგაციას, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე შეხვედრებს მართავს რუს დეპუტატებთან, დაუყოვნებლივ მიეცეს ოფიციალური დელეგაციის სტატუსი,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.