საკრებულოს ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტთან“ კონტრაქტი გაწყვიტოს. თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით დღეს დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს, რაც ხმაურში გადაიზარდა.
საკრებულოს დეპუტატების თქმით, მერიამ, შესაძლოა, ახალი გენერალური გეგმა თავად შეიმუშაოს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სპეციალური ზონალური შეთანხმების მაგალითად 300 არაგველის მიმდებარე შენობა-ნაგებობა მოიყვანა.
„გაზრდილია კოეფიციენტი და ეს კონკრეტული ბიზნეს ინტერესი, რომელიც აქვს კონკრეტულ ადამიანს არ არის ვინმე კერძო პირი, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ისკო დასენის და მისი შვილის ბიზნესი. რომ არ გაგრძელდეს დედაქალაქში მაღალი თანამდებობის პირების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება და სხვადასხვა მიმართულებით თავისი ვიწრო პარტიული თუ ბიზნეს ინტერესების გამოყენება, ამისთვის გვჭირდება გენერალური გეგმა,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა აღნიშნა, რომ გუშინ „სითი ინსტიტუტთან“ შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემებიც და ასევე, გაირკვა, რა კეთდება გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის თქმით, გენგეგმა ხარისხობრივად უნდა იყოს მაღალი და ქალაქმა გენგეგმის განხორციელება შემჭიდროვებულ ვადაში უნდა შეძლოს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, ვატო შაქარიშვილის თქმით, გენგეგმის განხილვა პოლიტიკურ ჭრილს უნდა გასცდეს.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.