თითო-თითო ლარად გაცემული მილიონობით კვადრატული მიწის ნაკვეთები - ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის გადაცემული უძრავი ქონება წლიდან წლამდე კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს.
საქართველოს მთავრობამ 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე სიმბოლურ ერთ ლარად გადასცა ათი ათასობით კვადრატული მიწის ნაკვეთი შპს საქართველოს მიწის კორპორაციას, რომლის ხელმძღვანელიც მაშინ გიორგი ბაჩიაშვილი იყო. ბაჩიაშვილი ახლა უკვე ივანიშვილთან დაახლოებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელია.
მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აბაშაში, ე.წ ანჯელის მასივებში, 2 ჰექტარი ტერიტორია ბაჩიაშვილის კომპანიას, 600 რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის აშენების ვალდებულებით და 5 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადების სანაცვლოდ, გადასცა. შეასრულა თუ არა კომპანიამ ვალდებულებები, ამაზე კურიერთან არ საუბრობენ.
წლების განმავლობაში მიწის კორპორაციისთვის ნაკვეთების გადაცემამ სისტემატური ხასიათი მიიღო. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბაჩიაშვილის კომპანიას სახელწიფომ 9 700 000 კვადრატული მიწა გადასცა. აქედან 91 ათასი კვადრატული მიწა ლანჩხუთში, დანარჩენი კი აბაშაშია.
ლევან ხაბეიშვილი, ამბობს, რომ შპს საქართველოს მიწის კორპორაციის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც უძრავ ქონებას მის გარემოცვაზე აფორმებს.
თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი - შმაგი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის დის ოჯახის წევრი გახდა, რომელიც ბიზნესს რუსეთშიც ფლობს.
მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბაშაში, ანჯელის მასივში, ათიათასობით კვადრატული მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემა თავის დროზე ადგილობრივებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, სიმბოლურ ერთ ლარად გასხვისებულ ქონებაში საძოვრებიც მოექცა.
ავტორი: ემა გოგოხია