20 ნოემბერი 2024,   11:13
ვრცლად
პრემიერი მინისტრთა კაბინეტში მისი გარემოცვის კიდევ ერთი წევრის გარეშე დარჩა - ალავიძე მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლა

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში მისი გარემოცვის კიდევ ერთი წევრის გარეშე დარჩა. ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე კერძო სექტორში, მის კაბინეტში კი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი გადავიდა.

მთავრობის მეთაურმა დღეს ოპოზიციისთვის პასუხის გაცემის ფორმად ალეგორია შეარჩია, ყვავ-ყორნებად მოიხსენია და ოპონენტებს უთხრა, რომ კარიერის პიკზე მყოფი, ვარდნას არ აპირებს. სწორედ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე კვირიკაშვილის ყოფნის საკითხი იყო მთავარი კითხვა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სამინისტროს ხელმძღვანელად მისივე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე ამტკიცებდა, რომ ზურაბ ალავიძემ თანამდებობა მისივე სურვილით დატოვა და გადადგომა კორუფციულ სკანდალს არ უკავშირდება.

პრემიერის ამ განცხადებას და სამთავრობო ცვლილებებს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. „ევროპულ საქართველოში“ განმარტავენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციული სქემების შესახებ დოკუმენტები აქვთ და ის შესასწავლად სუს-ში უკვე გადააგზავნეს.

„ნაციონალური მოძრობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრად ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრის დანიშვნა, თავად ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილებაა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ მათ კითხვები ერთ-ერთი ყველაზე მაღაბიუჯეტიანი სამინისტროს ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით აქვთ.

ცქიტიშვილი 2012 წლიდან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. იქამდე "ქართუს" მენეჯმენტში მაღალ თანამდებობზე მუშაობდა.

მაია ცქიტიშვილს დღეს ისიც არ უთქვამს ჰქონდა თუ არა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან მინისტრად დანიშვნამდე. ოპოზიციაში ცქიტიშვილის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარებათ, თუმცა არაფორმალური მმართველობის პირობებში მისი, როგორც ეფექტური მუშაობის იმედი არ აქვთ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები