როგორ ფორმდება სახელმწიფოს კუთვნილი საუკეთესო მიწები ბიძინა ივანიშვილზე - ოპოზიციამ ექსპრემიერის სქემა გაშიფრა.
მათი მტკიცებით, ინვესტორი მთავრობის მიერ მიყიდულ ტერიტორიას, საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკში იპოთეკით ტვირთავს, რის შემდეგაც ის ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის მფლობელობაში გადადის.
ჩაქვში, შავი ზღვის სანაპიროზე, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით, მოქალაქე ტარიელ ფაღავას პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 5 436 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე სასტუმრო უნდა აშენებულიყო. თუმცა, დღეს ადგილზე სასტუმრო არ არის და არც მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილზე ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია ზიმოს უსაფრთხოების სამსხური მუშაობს.
აეროგადაღებით გაირკვა, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ნაცვლად, ადგილზე ხეების თხრა მიმდინარეობს.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ კერძო ინვესტორისთვის გადაცემული შავი ზღვის სანაპიროზე აღნიშნული მიწის ნაკვეთის მფლობელი ახლა ბიძინა ივანიშვილია.
ირკვევა, რომ ბიზნესმენმა ტარიელ ბაღავამ ტერიტორია შეძენისთანავე ქართუ ბანკის სასარგებლოდ იპოტეკით დატვირთა. მოგვიანებით კი ჩაქვში, შავი ზღვის სანაპიროზე, 5 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი კომპანია სისაიდზე გადააფორმა.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბიზნესმენ ფაღავას კომპანია სისაიდში ერთი პროცენტიც კი არ ეკუთვნის და ამ კომპანიის წილის 100-ვე პროცენტს ტურიზმის განვითარების ფონდი ფლობს, რომელიც პანამაში რეგისტრირებული კომპანიის საკუთრებაა.
კურიერმა გაარკვია, რომ რეალურად პანამური კომპანიის უკან ბიძინა ივანიშვილი და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, დგანან.
ოპოზიცია ამბობს, რომ დოკუმენტებში ექსპრემიერის გვარი პირდაპირ არსად ჩანს და ბიძინა ივანიშვილის მიწებს შემოვლითი გზებით იფორმებს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ექსპრემიერის სქემა გაშიფრულია. იმისთვის, რომ მთავრობამ მიწები პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს არ გაუდაუფორმოს, რაც საზოგადოების პროტესტის მიზეზი ხდება, ჩნდება შუამავალი რგოლი.
ტერიტორიას ჯერ თითქმის საინვესტიციო მიზნებისთვის ბიზნესმენებზე ასხვისებენ. შემდეგ ისინი ამ ქონებას ქართუ ბანკში იპოტეკით ტვირთავენ, შემდეგ თანხას ვერ იხდიან და ის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების სახელზე ფორმდება.
ოპოზიციის მტკიცებით, ამ სქემით მთავრობამ ბიძინა ივანიშვილს შეუქმნა სამართლებრივი საფუძველი, შავი ზღვის სანაპიროდან ხეები ამოეთხარა და საკუთარ ეზოში წაეღო.
ბიზნესმენ ფაღავას ისტორიის მსგავსად მოხდა მიწის გადაცემა მწვანე კონცხზე ელიტ კონსტრაქშენის შემთხვევაშიც. მაშინ პრემიერმა კვირიკაშვილმა საბაზროზე დაბალ ფასად ორი ჰექტარი მიწა ერთი თვის დაფუძნებულ კომპანიას გადაუფორმა, ეს ორი ჰექტარიც ახლა ქართუ ბანკშია ჩადებული.