06 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
"ეს იყო ჩემი შეცდომა და ბოდიშს ვიხდი" - მარკ ცუკერბერგი ამერიკელი სენატორების წინაშე წარდგა

"Facebook"-ის დამფუძნებელმა ამერიკელი სენატორების შეკითხვებს უპასუხა. მარკ ცუკერბერგი მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემის უკანონო მოპოვების სკანდალთან დაკავშირებით დაკითხეს. საქმე ეხება საარჩევნო კამპანიასთან სავარაუდო კავშირების მქონე ბრიტანული კომპანია „კეიმბრიჯ ანალიტიკას” წვდომას 87 მილიონი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე, რაც უკვე რამდენიმე კვირაა, დასავლეთში სერიოზული სკანდალის მიზეზია.

ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა და საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ "Facebook"-ის თანამშრომლები სპეცპროკურორმა, რობერტ მალერმა გამოკითხა, რომელიც დონალდ ტრამპის გარემოცვის რუსულ კავშირებს იძიებს.

„ახლა უკვე ცხადია, ჩვენ საკმარისად არ ვიმოქმედეთ, რომ არ დაგვეშვა ამ ბერკეტების გამოყენება ზიანის მოსატანად. ეს ეხება ყალბ ინფორმაციას, არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევას, სიძულვილის ენას, ასევე დეველოპერებს და პირადი ინფორმაციის დაცვას. ჩვენ არ გვქონდა სათანადო ხედვა ჩვენს პასუხისმგებლობაზე, რაც დიდი შეცდომა იყო. ეს იყო ჩემი შეცდომა და ბოდიშს ვიხდი,“- განაცხადა ცუკერბერგმა.

კანონმდებლები ინტერესდებოდნენ, რატომ აღმოჩნდა Facebook დაუცველი, ათეულობით მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებზე მასშტაბური შეტევის წინაშე და რას აკეთებს 2 მილიარდი მომხმარებლის მქონე სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა ამის აღსაკვეთად.

„როდესაც პირველად დავუკავშირდით “კეიმბრიჯ ანალიტიკას”, მათ გვითხრეს, რომ მონაცემები წაშალეს. ერთი თვის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს სიმართლე არ იყო. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებთან იმის თაობაზე, რაც მათ გააკეთეს. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ წაშლიან ინფორმაციას, რაც დარჩათ. იმისთვის, რომ არასათანადოდ აღარ გამოიყენონ მონაცემები, ჩვენ ვიძიებთ თითოეულ აპლიკაციას, რომელსაც წარსულში ჰქონდა წვდომა დიდი რაოდენობით ინფორმაციაზე. ჩვენ ჩავუშვით ახალი ხელოვნური ინტელექტი ქსელში, რომელიც უკეთესად ახდენს ყალბი ანგარიშის იდენტიფიცირებას, რომელიც შეიძლება არჩევნებში ჩარევას და დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობდეს. უფლება არ გაქვს, "Facebook"-ზე ყალბი ანგარიში გქონდეს. ყველა მათგანი ნამდვილი უნდა იყოს,“- განაცხადა ცუკერბერგმა.

მარკ ცუკერბერგმა უშუალოდ რუსეთზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ Facebook უწყვეტ ბრძოლაშია რუს ოპერატორებთან, რომლებიც სოციალური ქსელის არამართებულად გამოყენებას ცდილობენ. ცუკერბერგმა ეს ბრძოლა გამალებულ შეიარაღებად შეადარა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები