06 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
სირიაში ქიმიურ თავდასხმაზე საპასუხოდ დასავლეთი სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე მსჯელობს

სირიაში ქიმიურ თავდასხმაზე საპასუხოდ დასავლეთი სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე მსჯელობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება დონალდ ტრამპს ჯერ მიღებული არ აქვს.

თეთრ სახლში დღეს უშიშროების საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართება. სარაკეტო დარტყმების შესახებ იმსჯელებს ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტიც. სხდომას ტერეზა მეი გაუძღვება, რომელმაც „ტაიმსის“ ცნობით, უკვე გასცა ბრძანება და კვიპროსის ბაზიდან სირიის მიმართულებით საბრძოლო გემებთან ერთად წყალქვეშა ნავსაც აგზავნის.

მოსალოდნელი სარაკეტო იერიშებისთვის ემზადება სირიაც. ლატაკიის რუსულ ბაზაზე სირიის მოიერიშე თვითმფრინავები და სამხედრო პერსონალი გადაიყვანეს. დაცარიელდა ტარტუსის პორტი, სადაც ჯერ კიდევ გუშინ 7 რუსული გემი, ორი კატერი და ორიც წყალქვეშა ნავი იდგა. დღეს კი პორტში მხოლოდ ერთი ხომალდია დარჩენილი, რაც თანამგზავრული ფოტო მასალით დასტურდება.

ქვეყანში მოვლენების განვითარებას აკვირდებიან რუსეთის გენშტაბში და ამერიკული სამხედრო გემების გადაადგილების მარშრუტებსაც აკონტროლებენ.

სამხედრო ოპერაციის დაწყებას სირიაში არ ემხრობა ჩინეთი, რომელიც მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. განცხადება გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმაც, რომელიც რეგიონში ვითარების ესკალაციას დაუშვებლად მიიჩნევს. სირიის ქალაქ დოუმაში ზარინის შემცველობის ჭურვები 7 აპრილს გამოიყენეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით დაიღუპა 70 და დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი.

დღის ამბები