06 ოქტომბერი 2024,   04:39
ვრცლად
სომხეთის ხელისუფლებამ უპირობოდ უნდა აღიაროს რევოლუციის გამარჯვება - ნიკოლ პაშინიანი

სომხეთის ხელისუფლებამ უპირობოდ უნდა აღიაროს რევოლუციის გამარჯვება - ეს განცხადება, ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა, გუშინ გამართულ აქციაზე გააკეთა.

სახალხო დაუმორჩილებლობის მოძრაობის ლიდერების მთავარ მოთხოვნად, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება რჩება. ნიკოლ პაშინიანი სომხეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

რუსმა დიპლომატებმა ოპოზიციურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

სატელეფონო საუბარი შედგა ასევე სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. არმენ სარგსიანმა და ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს.

„ზოგიერთებს ამ სამთავრობო შენობებში ჰგონიათ, რომ ხალხი იმდენად გაკვირვებულია სერჟ სარგსიანის გადადგომით, რომ დაავიწყდა რისთვის იკრიბებოდნენ. კარენ კარაპეტიანს ეგონა, რომ ადამიანები ქუჩებში აღარ გამოვიდოდნენ. ის რაც ახლა ხდება ცხადყოფს, რომ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა უპირობოდ უნდა აღიაროს ჩვენი რევოლუციის გამარჯვება და აღარ გამოხატოს ხელისუფლების დარჩენის სურვილი. ჩვენ „რესპუბლიკური“ პარტიის უპირობო კაპიტულაციას მოვითხოვთ. არ ვაპირებთ დროის დაკარგვას და მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის დროებით გარდამავალი მთავრობისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზებით გადაცემის საკითხებზე,“-განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა.

ერევანში საპროტესტო აქციები დღეს 12 საათზე განახლდება.

დღის ამბები