06 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
დღეიდან მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს ექნებათ გადაწყვეტილების მიღების უფლება - პაშინიანის სახალხო ინაუგურაცია ერევანში

სომხეთის ახალი პრემიერმინისტრის სახალხო ინაუგურაცია რესპუბლიკის მოედანზე - პარლამეტში დამტკიცების შემდეგ ნიკოლ პაშინიანმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ დღეიდან სომხეთში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ხალხი მიიღებს.

ხავერდოვანი რევოლუციის ავტორი და სახალხო მოძრაობის ლიდერი მთავრობის ხელმძღვანელად პარლამენტარებმა საათნახევრიანი განხილვის შემდეგ დაამტკიცეს.

„გამარჯვება ის კი არ არის, რომ მე ამირჩიეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად. გამარჯვება ისაა, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ უნდა ყოფილიყო ქვეყნის პრემიერი. დღეიდან მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს ექნებათ გადაწყვეტილების მიღების უფლება. პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარეები მხოლოდ ხალხს უნდა ემსახურონ. ამიტომ ვიწყებ რა პრემიერის მოვალეობის შესრულებას, ვაცხადებ, რომ ვემსახურები სომეხ ერს და სომხეთის მოქალაქეებს. გაუმარჯოს თავისუფლებას!“ - განაცხადა ახლადარჩეულმა პრემიერმა.

ერევნის ცენტრში ოპოზიციის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ.

„ველოდებით, რომ სომხეთს ნათელი მომავალი ექნება. პაშინიანი ხალხმა აირჩია. მის სასარგებლოდ 59-მა დეპუტატმა მისცა ხმა, მაგრამ პაშინიანს მთელი სომეხი ერი მხარს უჭერს. დიდი ხანია, ასეთი ბედნიერი და გახარებული ჩემი ხალხი არ მინახავს. ჩვენ გავთავისუფლდით სიბინძურისგან. ჩვენ გვეყოლება ახალი პრემიერი, რომელიც საკუთარი ხალხისთვის ყველაფერს გააკეთებს. ჩვენ ამის გვჯერა,“ - განაცხადა აქციის მონაწილე ჯარისკაცმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები