22 დეკემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ჭავჭავაძეზე სროლისთვის 1 პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში 18 მაისს შესული შეტყობინების საფუძველზე მოხდა. 

შსს-ს ინფორმაციით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ გასროლა 1979 წელს დაბადებულმა ლ.რ.-მ განახორციელა. სამართალდამცველებმა იგი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ. რ.-სა და მის ძმას - 1981 წელს დაბადებულ ზ.რ.-ს კონფლიქტი მოუხდათ 1992 წელს დაბადებულ გ.ვ.-სთან, რა დროსაც ლ.რ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები