"მუქარას თავი დაანებოს, სჯობს თავის თავს მიხედოს," - ასე პასუხობს მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი პატრიარქის ქორეპისკოპოსს. მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სიცრუეში ადანაშაულებს, რადგან მისი განმარტებით, პატრიარქს არასდროს უთქვამს, რომ დეკანოზი მამალაძე დამნაშავეა.
მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქი დეკანოზი გიორგი მამალაძეს ე.წ. ციანიდის საქმეში დამნაშავედ მიიჩნევს.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი ქორეპისკოპოსს პატრიარქის განცხადებებს ახსენებს, სადაც ილია მეორე გამორიცხავდა მამალაძის ბრალეულობას.
მიხეილ რამიშვილმა მეუფე იაკობის მუქარასაც უპასუხა . უფლებადამცველი ქორეპისკოპოსთან შეხვედრას ითხოვს.
„პატრიარქს არასწორ ინფორმაციას მიაწვდიდნენ. ძალიან კარგად მახსოვს პატრიარქის სიტყვები. ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, რომ მამა გიორგი არათუ ჩაიდენდა ეგეთ დანაშაულს, არც გაიფიქრებდა ამგვარ ქმედებას. მან თანხმობა განაცხადა, ჩვენ მზაობაც კი გვქონდა, რომ ეს საბუთები გაგვემზადებინა, პატრიარქს ხელი მოეწერა პირად თავდებობასთან დაკავშირებით და ძალიან კარგად მახსოვს, რომ მეორე დღეს შევიდნენ გარკვეული პირები და მე დარწმუნებული ვარ, მათ შორის იქნებოდა მეუფე იაკობი. მუქარას თავი დაანებოს, სჯობს თავის თავს მიხედოს საერთოდ რა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინ რა დღეში ჩავარდება მაგას დრო გვანახებს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მსჯავრდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის შესახებ განცხადება მეუფე იაკობმა დღეს გააკეთა. სასულიერო პირმა თქვა - "თუ არ მოისვენებენ ისინი ვინც დეკანოზს იცავენ, თვითონაც გაეხვევიან შარში." მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ის არავის ემუქრება და მისი სიტყვების ადრესატია ყველა ვინც დეკანოზ მამალაძეს იცავს.