ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტში იმყოფებიან.
ისინი დღეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებენ.
კომისიის სხდომა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთში დაიწყება.
შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას კომისიის სხდომის დაწყების წინ კომენტარი არ გაუკეთებია.
„კომისია დასრულდება, რომელიც იქნება პირდაპირ ეთერში და ამის შემდეგ ვისაუბროთ,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
მცირე კომენტარი გააკეთა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.
"მე როგორც კანონმორჩილი მოქალაქე გამოვცხადდი კომისიის წინაშე, ახსნა-განმარტების მისაცემად და მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი,“-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ხორავას ქუჩაძე მოზარდების მკვლელობის დროს გიორგი გახარია შს მინისტრად ახლადდანიშნული იყო. მისი მინისტრობის დროს ჩატარდა წინასწარი გამოძიება. რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, შოთაძე 2017 წლის დეკემბერში მთავარი პროკურორი იყო და მისი უწყება ზედამხედველობდა გამოძიებას, რომელსაც შს სამინისტრო აწარმოებდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფიო კილაძე, აცხადებს, რომ შს მინისტრისა და ყოფილი მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლა იმის დასტურია, რომ საპარლამენტო კონტროლი გაძლიერებულია.
თუმცა კილაძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ოპოზიცია კითხვებზე პასუხის მიღებაზე არ იქნება ორიენტირებული და ისინი შოუს მოწყობას შეეცდებიან.