ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ მთავარ პროკურორს უსმენენ. კანონმდებლები ამბობენ, რომ საქმესთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, აინტერესებს ხედავენ თუ არა მაღალჩინოსნები საგამოძიებო უწყებებში არსებულ სისტემური ხარვეზებს და როგორ აფასებენ მოზარდების საქმესთან დაკავშირებით წარმოებულ საგამოძიებო პროცესს.
დიმიტრი ცქიტიშვილი არ აკონკრეტებს, თვითონ კონკრეტულად რა სისტემურ ხარვეზებს გულისხმობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი თავის პოზიციას საგამოძიებო კომისიის შემაჯამებელ ოქმში დააფიქსირებს.
„სისტემური ხარვეზი შეიძლება იყოს ის, რომ სწორად მიმდინარეობს პროცედურულად თუ არასწორად,. ხანმოკლე ვადა, ხომ არ არის შემაფერხებელი იმისთვის, რომ არაეფექტურად წარიმართა პირველადი გამოძიება, რამდენად სწორად არის დაკავშირებული ის, რომ პროკურატურა და შსს პრაქტიკულად ერთად აწარმოებენ გამოძიებას, ხომ არ არის გასამიჯნი და ზედამხედველობს ფუნქცია გასაძლიერებელი პროკურატურის მხრიდან, ასეთი სისტემური საკითხებია და ამ კონკრეტულ საქმეს თვითონ როგორ აფასებენ და თვითონ რა ხარვეზებს ხედავენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების გამოძიების მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს შს და იუსტიციის მინისტრთან ერთად ასევე, მოუსმენენ ყოფილ მთავარ პროკურორს.