თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ამ წუთებში შინაგანს საქმეთა მინისტრს და ყოფილ მთავარ პროკურორს უსმენენ, კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვას შს მინისტრის უკმაყოფილება მოჰყვა.
გიორგი გახარიამ ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე პასუხების ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა. მინისტრმა თქვა, რომ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ის დასმულ კითხვებს მოკლე პასუხებს სცემს, თუმცა კომისიის წევრების მხრიდან მისი მიერ გაცემული პასუხების ინტერპრეტირება ხდება.
კამათს კი წინ საგამოძიებო კომისიის წევრის, ოთარ კახიძის კითხვა უძღოდა, რომელმაც ჰკითხა მინისტრს, იცის თუ არა, რომ მ.კ-ს მიმოწერა, რომელიც განხორციელდა სუბელიანის შვილთან და ასევე, ერთ-ერთ მსჯავრდებულთან, გ.ჯ.-სთან ეს მიმოწერა, რომელსაც შეიძლება დანაშაულის განზრახვა დაედგინა, გამოძიებას ამოღებული არ აქვს.
რაზეც მინისტრმა აღნიშნა, რომ „თქვენი განმარტებების შესახებ არ ვარ საქმის კურსში, ფაქტის შესახებ საქმის კურსში ვარ.“
მინისტრის თქმით, ასევე იცის, რომ კალანდიას სახლი არ გაუჩხრეკავთ. გახარიას თქმით, კალანდიას სისხლიანი ტანსაცმელი გამოძიებამ ვერ ამოიღო.
რაზეც კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ მთავარმა ფიგურანტებმა გამოკითხვაზე აღნიშნეს, რომ სისხლიანი ტანსაცმელი არ გადაუგდიათ და მას სახლში ინახავენ.
„თუ მოკლე შეკითხვები, მოკლე პასუხები ამ თამაშის წესებს ვიღებთ და ნორმალურად გპასუხობთ. როგორც კი თქვენ დაიწყებთ ინტერპრეტაციებს თქვენსას, ინტერპრეტაციებით გიპასუხებთ. ამის საშუალება ჩვენც გვაქს და უფლებაც, ამიტომ, მოკლე შეკითხვა, მოკლე პასუხი, თუ შევთანხმდით, შევთანხმდით,“ - განაცხადა მინისტრმა.
რაზეც სერგი კაპანაძემ უპასუხა, რომ თავად კომისიის წევრები გადაწყვეტენ, როგორ კითხვებს დასვამენ და მან ასევე, აღნიშნა, რომ გახარიას და შოთაძეს შეფასებების გაკეთებაც მოუწევთ დღევანდელ სხდომაზე.
საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის კითხვას, იცოდა თუ არა, რომ მირზა სუბელიანის სატელეფონო საუბრები საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით ამოიღეს და არა მანამდე, მინისტრმა უპასუხა, რომ ახლა შეიტყო ამის შესახებ და გადაამოწმებს.
ამ წუთებში კომისიის სხდომაზე შს მინისტრს და ყოფილ მთავარ პროკურორს კითხვებს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები უსვამენ.