„სანამ პირში სული მექნება მანამდე შევებრძოლები ამ ბინძურ სისტემას, რომელმაც გადაწყვიტა ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება და ჩემი შვილის სულის წაბილწვა,“- ეს განაცხადა, ზაზა სარალძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ სტრასბურგში გაფრენას, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ელისო კილაძესთან ერთად ვერ შეძლებდა. ისინი სტრასბურგში გუშინ ღამით უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა, როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, ვიზიტი ხელისუფლებამ ჩაშალა.
სარალიძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუშალოს სიმართლის დადგენაში მაგრამ ამის უფლებას არ მისცემს.
„მინდა პირდაპირ ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ზაზა სარალიძეს ესენი ვერ გაანადგურებენ. იმიტომ, რომ ზაზა სარალიძე განადგურდა 1 დეკემბერს და მკვდარი მეორედ არ კვდება. კბილებით დავიცავ ჩემი შვილის სიწმინდეს. დღეს ჩაგვიშალეს ევროპაში გასვლა, ხვალ გავალთ ზეგ გავალთ,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მომხდარში ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე სუს-ს ადანაშაულებენ. "ქრონიკა +"-ის რედაქტორი აცხადებს, მიუნხენის აეროპორტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო დახურული ფაილი, რის შემდეგაც იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, რომელიც შეხვედრა აორგანიზებდა მიუნხენის აეროპორტში გააჩერეს.
„ამ ვიზიტის და შეხვედრების ორგანიზება გააკეთა ორგანიზაციამ „ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის. მისი ხელმძღვანელი ერთი დღით ადრე ჩავიდა მიუნხენში . მიუნხენის აეროპორტში პაატა აბჯანდაძე რომელიც ამერიკის მოქალაქეა შეაჩერეს და მას მოსთხოვეს განმარტება იცოდა თუ არა, რომ იმ პირებს შორის, რომელიც მას აცილებდა იყო ერთ-ერთი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი და ძებნილი. ჰქონდა თუ არა მას კავშირი ისლამთან, იცნობდა თუ არა პირადად მალხაზ მაჩალიკაშვილს და ა.შ. გაირკვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაგზავნილია რაღაც დახურული ფაილი,“-განაცხადა ელისო კილაძემ.
ანალოგიური ბრალდებები აქვს სახელმწიფოს მიმართ მალხაზ მაჩალიკაშვილსაც. სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს სიმართლე არ დადგინდეს.
„ამ სახელმწიფოს და ხელისუფლებას არ უნდა, რომ ჩვენ საზღვრების იქით გავიდეთ . რომ სიმართლე დავადგინოთ. რაც კატეგორიულად აქ არის შეზღუდული და აკრძალული ჩვენი სიმართლის თქმა და მაგ სიმართლის მოძიება. დღეს აეროპორტში მიუნხენის მაგივრად აღმოვჩნდით კურიერში,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.