ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს - ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართული 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომელსაც ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც, ესწრებოდა.
მმართველი პარტია ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მოტივით ხსნის.
ოცნებაში განმარტავენ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, რისი მიღწევაც, მმართველი გუნდის მიერ კანდიდატის დასახელების შემთხვევაში, რთული იქნება.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ გუნდი გადაწყვეტილებაში ერთსულოვანია, თუმცა, არ მალავენ, რომ ერთიანი პოზიცია ჯერ არ არსებობს, თუ სად წავა ოცნების ხმები და დაუჭერს თუ არა მმართველი პარტია მხარს რომელიმე სხვა კანდიდატს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართლი ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გარიგების შესახებ ყველამ იცის, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ცესკოში კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებას ელოდება. განცხადებას კი მას შემდეგ გააკეთებენ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის ვინაობა ცნობილი იქნება.