ტყიბულის შახტებში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ 7 პირი დააკავა. მათ შორის, 6 მინდელის შახტში 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის გამო აიყვანეს, 1 კი 2 ივნისს ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
ამის შესახებ განცხადება შს მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში ედებათ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.
"მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება,“ -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.