დეკანოზის ადვოკატებმა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე შეწყალების მოთხოვნით მიმართეს.
უფლებადამცველებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი დღეს ჩააბარეს. პარალელურად, ადვოკატები დავის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოშიც გეგმავენ და ფიქრობენ, ვიდრე ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, უმჯობესი იქნება დეკანოზი გაათავისუფლონ.
ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, დეკანოზი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შეწყალების თხოვნით მიმართვა არ ნიშნავს, რომ დეკანოზი დანაშაულს აღიარებს.
„ის გარკვეული ჯგუფის პირადი პატიმარი არის და შესაბამისად, ძალიან ბევრი არგუმენტაციაა სამართლებრივად, მორალურად, ადამიანურად, რაც პრეზიდენტს წარედგინა ჩვენი განცხადებით და თანდართული მტკიცებულებებით და შესაბამისად, უკვე ერთადერთი ნათელი წერტილი დღეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი იმიტომ, რომ მართლმსაჯულება საქართველოში არ არის, ეს დაადასტურა უზენაესმა სასამართლომაც და მიმაჩნია, რომ თავისი შინაგანი რწმენით, თავისი ღირსებით, თავისი წესიერებით მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა რამიშვილმა.
ეს არის მეორე მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც დეკანოზის ადვოკატებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩააბარეს.
სავარაუდოდ, მათ განაცხადს შეწყალების კომისია მომდევნო სხდომაზე განიხილავს.