ოპოზიცია ცესკო-ს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში ამტკიცებენ, რომ ცესკო-მ საოლქო კომისიებში ნეიტრალური წევრები არა პროფესიული, არამედ პოლიტიკური ნიშნით შეარჩია. ოპოზიცია 70 კაციან სიას აქვეყნებს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, მაგალითად თბილისის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამეგრელოს, სვანეთისა და გურიის რაიონული ოლქების უმრავლესობაში საოლქო კომისიების ნეიტრალურ წევრებად ან „ქართული ოცნების“ აქტივისტები ან მათი ოჯახის წევრები დანიშნეს. ოპოზიციის მტკიცებით, ლენტეხში საოლქო კომისიის წევრი გახდა მესტიის სუს-ის უფროსის ცოლი. თელავში კი ოლქის წევრად აირჩიეს თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას მაზლის ცოლი.
მძიმე პოლიტიკურ ბრალდებებს ცესკომ დუმილით პასუხობს. ოპოზიციური პარტიები კი დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე გაყალბების შანსს ხელიდან არ გაუშვებს, იმისა მიუხედავად, რომ წელს ოცნებას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება.