17 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
ამერიკაში ჯონ მაკკეინს ემშვიდობებიან - სენატორის დაკრძალვას ამერიკის პრეზიდენტი ვერ დაესწრება

ცენტრს, სადაც ჯონ მაკკეინის ცხედარია დასვენებული, საპატიო ყარაული იცავს. სენატორი საკუთარი რანჩოდან ფინიქსში ესკორტის თანხლებით გადაასვენეს და ამით დაიწყო ქვეყნის ეროვნულ გმირთან გამოსამშვიდობებელი პროცესია, რომელიც კვირას დასრულდება.

სენატორის მშობლიური არიზონის შტატი პირველი ადგილი იქნება, სადაც ეროვნულ გმირს პირველად მიაგებენ პატივს. სამოქალაქო პანაშვიდები შტატის კაპიტოლიუმში ოთხშაბათიდან, მისი დაბადების დღეს დაიწყება, შემდეგ სენატორის ცხედარს ბაფტისტურ ეკლესიაში გადაასვენებენ, მასთან გამოსამშვიდობებლად ფინიქსში ყოფილი ვიცე პრეზიდენტი, მისი მეგობარი ჯო ბაიდენი ჩავა.

ჯონ მაკკეინი რიგით მეცამეტე სენატორი იქნება ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები კაპიტოლიუმის გუმბათიან დარბაზში გამოემშვიდობებიან. სენატორის ცხედარს ვაშინგტონში პარასკევს გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონიას, მისივე ანდერძის თანახმად, ყოფილი საპრეზიდენტო მეტოქეები ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა გაუძღვებიან. ჯონ მაკკეინის სურვილით, მისმა ოჯახმა დაკრძალვაზე მოქმედი პრეზიდენტი არ დაპატიჟა.

თავად პრეზიდენტმაც თავი შეიკავა საჯარო განცხადებისგან და მაკკეინებს მხოლოდ twitter-ის სოციალურ ქსელში მიუსამძიმრა. თეთრ სახლს კი ოფიციალური განცხადება უკვე მომზადებული ჰქონდა, თუმცა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ის აღარ გასაჯაროვდა. მეუღლისგან განსხვავებით, ჯონ მაკკეინს საჯაროდ გადაუხადა მადლობა ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის მელანია ტრამპმა. ჭეშმარიტი პატრიოტი და ერთგული მეგობარი - ასე მოიხსენიებენ სენატორს დღეს ამერიკელი პოლიტიკოსები.

81 წლის ჯონ მაკკეინი 25 აგვიტოს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. სენატორს თავის ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმა ჰქონდა.

დღის ამბები