ადვოკატთა უფლებების დარღვევის 35 შემთხვევა ბოლო 6 თვის განმავლობაში - "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტს პროკურატურასთან პრეტენზიები აქვს. კომიტეტის თანათავმჯდომარე ონისე მარგიანი აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევებს ხშირად აქვს ადგილი.
„მე მაქვს პრეტენზია პროკურატურასთან და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტში შემოსულია 35 განცხადება ბოლო 6 თვის მანძილზე, სადაც ადვოკატები მიუთითებენ მათი უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, თუმცა სამწუხაროდ არ გვაქვს სასურველი შედეგი, რადგან ერთი და იგივე დარღვევა მეორდება ძალიან ხშირად,“-განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ონისე მარგიანმა.
პროკურატურასთან პრეტენზიები აქვს ადვოკატ გიორგი გვაჯაიასაც. მისი თქმით საუბარია 2018 წლის პირველ ივნისს, თბილისის ზღვასთან მდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე, რომელშიც მისი დაცვის ქვეშ მყოფია ბრალდებული. გიორგი გვაჯაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. პროკურატურამ კი საქმეზე გამოძიება სრული ვადით ჩაატარა. თუმცა მისი შეფასებით ეს საქმე გაუხსნელია.