22 დეკემბერი 2024,   15:44
ვრცლად
საარჩევნო გარემო საქართველოში - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე EPP-ის პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტს შეხვდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო და სამომავლო გეგმები იყო. 

მოლაპარაკებები გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ და „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ ჯოზეფ დოლისთან ცალ-ცალკე გამართეს.

EPP-ის, როგორც უმსხვილეს პოლიტიკურ გაერთიანებას, აინტერესებს, რამდენად თავისუფალი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოა საქართველოში.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მოლაპარაკებისას ყველა პროდასავლური პარტიის გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რათა არაფორმალური მმართველობა დასრულდეს. ვაშაძის თქმით, EPP-ის პრეზიდენტს აინტერესებდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში გასამართ პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა და იმ ძირითად გზავნილებს გაახმოვანებს, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

„საუბრის მთავარი მორალი, დასკვნა იყო ის, რომ ყველა პროდასავლური ძალა უნდა გაერთიანდეს საქართველოში იმისთვის, რომ შეწყდეს ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველობა და ქვეყანა დაბრუნდეს ნორმალური, ევროპული განვითარების გზაზე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დოლისთან შეხვედრის შემდეგ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბებისგან დაცვისთვის მეტი დამკვირვებლის მობილიზებაა საჭირო.

ბაქრაძის თქმით, პოლიტიკურ ასამბლეაზე გარდა არჩევნებისა, ისაუბრებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ქართველებისთვის კანონიერი დასაქმების შექმნის საშუალებაზე.

„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ამ არჩევნებზე იმისთვის, რომ მივცეთ ხე3ლისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ მეორე ტურში ოპოზიცია მზად უნდა იყოს მეორე ტურში გასული კანდიდატის მხარდაჭერად და ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს არა ერთმანეთთან დაპირისპირება, არამედ ხელისუფლებასთან ერთობლივი ფრონტით ბრძოლა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი შეხვედრებს უკვე ორი დღეა მართავს. მათი ვიზიტი ბრიუსელში დღეს დასრულდება.

დღის ამბები