ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან და დამოუკიდებელ მაუწყებელზე ხელისუფლების ზეწოლას აპროტესტებენ.
მსვლელობის გამო ტელეკომპანია „იბერიამ“ რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა.
მსვლელობა ტელეკომპანიის ოფისიდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდება.
ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი საპროტესტო მსვლელობის მიზანს განმარტავს და აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისული ჟურნალისტები ხელისუფლებას მიაწვდიან ხმას.
„ტელეკომპანიას ისინი ვერ წაიღებენ, ვერ წაიღეს ვერცერთი ტელეკომპანია და ვერც „იბერიას“ ვერ წაიღებენ. ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ჩვენ ვართ ჟურნალისტები, ვერ გამოვიყვანთ ტანკებს, ბეტეერებს, ამიტომ, რა რესურსიც გვაქვს, რომ მივიდეთ მშვიდობიანად, რომ უნდა გაჩერდნენ და არ გამოუვათ ეს შეტევა, შემდეგ დავბრუნდებით ტელეკომპანიაში და ისევ გავაგრძელებთ მაუწყებლობას, სანამ ამის საშუალება ჩვენ გვექნება,“ - განაცხადა ხუზმიაშვილმა.
ტელეკომპანიის და თავისუფალი ბიზნესის მიმართ მიზანმიმართულ ბრძოლად აფასებს ტელეკომპანია "იბერიაში" მიმდინარე მოვლენებს, ტელეკომპანიის თანამშრომელი, მწერალი როსტომ ჩხეიძე.
ტელეკომპანიის თანამშრომლებს მთავრობის ადმინისტრაციასთან ელოდებიან მხარდამჭერები, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები. ისინი სოლიდარობის მიზნით უკვე შეიკრიბნენ.
პროტესტს ჟურნალისტებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანიის დათმობაზე ესაუბრება.